ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტი RURD-ის პარტნიორი უნივერსიტეტების მორიგი სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში, შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა.
შეხვედრას, რომელიც კოვიდპანდემიის რეგულაციების გათვალისწინებით, შერეულ (ჰიბრიდულ) ფორმატში ჩატარდა, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
პროექტის მონაწილეებს, მისასალმებელი სიტყვით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თამარ მახარაშვილმა, ასევე, ზუგდიდის მერმა, ზუგდიდის უნივერსიტეტის რექტორმა და პროექტი RURD-ის კოორდინატორმა მიმართეს.
შეხვედრის პირველ დღეს რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენცია გაიმართა, რომელზეც რექტორებმა განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან რეგიონის უნივერსიტეტების პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. მომდევნო დღეები კი, პროექტით დაგეგმილი აქტივობების შესრულების ხარისხს და სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვას დაეთმო.
პროექტი RURD-ის მიზანია, ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით, საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში; მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება; ასევე, თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით, უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.