იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუს საუკეთესო სტუდენტები საფრანგეთში გაემგზავრებიან

საუკეთესო ქართველი სტუდენტები ივლისის ბოლოს საფრანგეთის ქალაქ შატონოფში  გაემგზავრებიან. სტუდენტების შერჩევის პროცესი უკვე დაწყებულია. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოცი სტუდენტი, შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ფრანგული ენის უფასო კურსებს უკვე გადის. კონკურსის შედეგად შერჩეული ოთხი სტუდენტი საფრანგეთში, ორი კვირის განმავლობაში, ფრანგული ღვინის დაყენების წესს,  ფრანგულ ბიომეურნეობებს და  ფრანგულ კულტურას გაეცნობა.

   აღნიშნული პროექტის დეტალური განხილვა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა, სადაც სტუმრად, ფრანგი მეცენატი -ჟერარდ ჟერმანი  და შატონოფის მერი ემანუელ დელმოტე იმყოფებოდნენ. ისინი თესაუს რექტორს, ირმა შიოშვილს და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსს, თამარ ასლანიშვილს, შეხვდნენ. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის და  სტუდენტთა და აკადემიური პესრონალის გაცვლის საკითხები განიხილეს.      

  ჟერარდ ჟერმანი  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს უკვე მეორედ სტუმრობდა.  მისი პირველი ვიზიტის შემდეგ თესაუმ  შემხვედრი ნაბიჯები  გადადგა და აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს ფრანგულ ენას უფასოდ ასწავლის.

   ამას გარდა, თესაუში  დისტანციური კურსები დაიგეგმა.  სტუდენტების ვიზიტის განხორციელებამდე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

  როგორც ქალაქ შატონოფის მერმა, ემანუელ დელმოტემ, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრისას განაცხადა, კახეთს ვაზის და ღვინის უნიკალური, მსოფლიოში განთქმული კულტურა აქვს და  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიც სწორედ ამიტომ შეირჩა.

   სტუდენტების შერჩევისა და გამგზავრების პროცესს კოორდინაციას საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩო უწევს. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და საფრანგეთის დელეგაციის შეხვედრას ორგანიზება ცნობილმა ქართველმა მხატვარმა, საფრანგეთის კულტურულმა დესპანმა, ლევან მოსიაშვილმა გაუწია.

 
მნახველთა რაოდენობა: 18630