იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ხელმძღვანელი თესაუში

USAID-ის  საბაზისო განათლების  პროგრამის ხელმძღვანელი ნენსი პარკსი, გრანტების მენეჯერი ნიკოლოზ ჩაჩხიანი და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის კოორდინატორი ანა აბულაძე  31 აგვისტოს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.

         შეხვედრას, რომელიც თესაუს  განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართა,  უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, პროფესორი ნუნუ გელდიაშვილი, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დავით მახაშვილი,  განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ჰამლეტ რაზმაძე, USAID-ის  საბაზისო განათლების პროგრამის მენეჯერი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროფესორი ნინო ნახუცრიშვილი, ფინანსურ - ადმინისტრაციული  ასისტენტი, პროფესორი ნინო მოდებაძე, პროგრამის   კახეთის რეგიონის ტრენერები და  კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

    სამუშაო შეხვედრაზე საგრანტო პროგრამის განხორციელების ცალკეული საკითხები, ახლო მომავალში განსახორციელებელი აქტივობები და  პროგრამის ფარგლებში, კერძო სექტორთან თანამშრომლობის  ის პერსპექტივები განიხილეს, რომლებიც თანამედროვე მიდგომების დანერგვას, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთათვის პრობლემის გადაჭრას, კრიტიკული აზროვნებისა  და სხვა მნიშვნელოვანი უნარების განვითარებას ემსახურება.

     როგორც  შეხვედრაზე აღინიშნა, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს  აღნიშნულ პროექტში  მონაწილეობა განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების მხარდამჭერ  ღონისძიებებში  აქტიურად ჩართვის შესაძლებლობას მისცემს.

       USAID-ის (აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო) მიერ დაფინანსებულ საბაზისო განათლების პროგრამას, რომლის ხანგრძლივობა 4 წელია, RTI International -სამმხრივი   მიმართულების   კვლევითი ინსტიტუტი  (Research Triangle Institute)   საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს .

     აღნიშნულ პროგრამაში, როგორც პარტნიორი უნივერსიტეტი,  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს 8  უნივერსიტეტთან ერთადაა  ჩართული. 

     USAID-ის  საბაზისო განათლების  პროგრამის   ფარგლებში დაგეგმილ ტრენინგებს, რომლის  სამიზნე ჯგუფები საჯარო სკოლების დირექტორები და დაწყებითი საფეხურის მათემატიკისა და მშობლიური ენის მასწავლებლები არიან, (კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტის 184 საჯარო სკოლა),   USAID საბაზისო განათლების პროგრამის პარტნიორი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტრენერთა ჯგუფი ჩაატარებს.

 
მნახველთა რაოდენობა: 16426