მიმდინარე წლის 9 ივნისს, პროექტ „INTEGRITY“-ის ფარგლებში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთათვის ონლაინ შეხვედრა „პლაგიატი და მისი უარყოფითი გავლენა“ გაიმართა.
შეხვედრაზე პედაგოგები გაეცნენ პლაგიატის მავნე ზეგავლენას აკადემიურ საქმიანობაში და მისი თავიდან აცილების გზებს; ასევე, ხაზი გაესვა სკოლისა და მასწავლებლის უმნიშვნელოვანეს როლს მოსწავლის აკადემიური შეგნების ამაღლების კუთხით.
მონაწილეებმა ასეთი შეხვედრების პერმანენტულად ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრეს, რომელშიც მოსწავლეთა ჩართულობაც იქნება გათვალისწინებული. შეხვედრას უძღვებოდა უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნინო კახაშვილი.
„INTEGRITY“ ევროკავშირის მიერ „ერასმუს პლიუსის“ ინსტიტუციური განვითარების 2017 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინარორობით ხორციელდება. პროექტის მიზანია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური კეთილსინდისიერების შესახებ ცნობიერების ამაღლება და პლაგიატის პრევენცია სასწავლო პროცესში.