9-11 ოქტომბერს, სტამბულში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „შავი ზღვისაუზის ოპერაციების ერთობლივი პროგრამა“ – შავი ზღვის აუზის ქვეყნების უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის ქსელის ფარგლებში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია – „უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონში: საერთო საგანმანათლებლო ღირებულებები“. მასში მონაწილეობა მიიღო რუმინეთის, მოლდოვას, თურქეთის და საქართველოს 60-ზე მეტმა უნივერსიტეტმა შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან. მათ დიდი წვლილი მიუძღვით შავი ზღვის რეგიონის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის განვითარებაში. საქართველოს მხრიდან მთავარ ბენეფიციარს წარმოადგენს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელმაც, თავის მხრივ, პროექტში ჩართო საქართველოს 12 უნივერსიტეტი. მათ შორის – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლის წარმომადგენელიც არის ზუსტ და საბუნებსიმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეა მჭედლური.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ პროექტის მენეჯერი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ტატიანა პაპიაშვილი და პროექტის საგანმანათლებლო ექსპერტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დიანა მჭედლიშვილი.
კონფერენციის მიზანია თანამშრომლობის ქსელის შექმნა, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტები შეძლებენ გაცვალონ აკადემიური გამოცდილება, პუბლიკაციები და სასწავლო კურსები, შექმნან ბუნებრივი საფუძველი სხვადასხვა ეროვნების, კულტურის და რელიგიის სტუდენტებისა და პროფესორების დიალოგისათვის, რაც ხელს შეუწყობს სპეციფიკური საგანმანათლებლო ღირებულებების განვითარებას.
კონფერენციის მსვლელობისას გაიმართა პროექტის ფარგლებში შემუშავებული წიგნის პრეზენტაცია, რომელიც ასახავს რუმინეთის, მოლდოვას, თურქეთის და საქართველოს უმაღლესი განათლების, ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მუშაობის და ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს სპეციფიკას, ასევე, მონაწილე ხუთი უნივერსიტეტის საუკეთესო პრაქტიკას.
საქართველოს მხრიდან წიგნის თანაავტორია პროექტის საგანმანათლებლო ექსპერტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, დოქტორი დიანა მჭედლიშვილი. წიგნის შემუშავებაში ღირებული წვლილი შეიტანა პროექტის მენეჯერმა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა, დოქტორმა ტატიანა პაპიაშვილმა.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმდა მემორანდუმები, დაისახა თანამშრომლობის შემდგომი ეტაპები, რომლის ფარგლებშიც იგეგმება სტუდენტებისთვის ერთობლივი სასწავლო კურსის შეთავაზება და სტუდენტთა გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტები მიიღებენ სერთიფიკატებს, ხოლო წარჩინებული სტუდენტები გაივლიან ერთთვიან სტაჟირებას თურქეთის ორ – ქარაბუქის და აიდინის – უნივერსიტეტში. სასწავლო კურსი შედგება ოთხი მოდულისაგან: მულტიკულტურიზმი და იდენტურობა, ინტერკულტურული კომუნიკაცია, კონფლიქტის გადაწყვეტა და სოციალური მეწარმეობა.

 

 
 

2017 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.