,,კლასიკოსთა გაკვეთილები“- მუხრან მაჭავარიანისადმი მიძღვნილი 25-ე სამეცნიერო კონფერენცია 16 ივნისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა.
ღონისძიებას გამოჩენილი პოეტის, მუხრან მაჭავარიანის, ოჯახის წევრები, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრნენ.
კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები მუხრან მაჭავარიანის პოეტურ მინიატურებს, ნარატიულ ვარიაციებს, საბავშვო ლექსების კრებულს, პოეტის ენას, სინტაქსურ თავისებურებებს და სხვა თემებს შეეხებოდა. ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი მუხრან მაჭავარიანის ცხოვრების და შემოქმედების შესახებ.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ნუნუ გელდიაშვილმა, მიმართა და სამეცნიერო კონფერენციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
თესაუ-ს პროფესორმა, როინ ჭიკაძემ, სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა, ლიტერატურის ინსტიტუტმა კი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს გალაქტიონ ტაბიძის ხუთტომეული უსახსოვრა.
1991 წლის 14 დეკემბერს, თელავში, იაკობ გოგებაშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. სწორედ აღნიშნულ კონფერენციაზე გადაწყდა, რომ ამ ტიპის კონფერენციები ტრადიციად ქცეულიყო. ასე დაედო სათავე ,,კლასიკოსთა გაკვეთილებს“.
სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორები არიან : იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი და ბესარიონ ჯორბენაძის საზოგადოება.