ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ვიქტორ დოლიძე, 30 მარტს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თესაუ-ს სტუდენტებს შეხვდა.
სტუმარს უნივერსიტეტის რექტორი, ირმა შიოშვილი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული -გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი შეხვდნენ.
შეხვედრა თესაუ-ს რექტორმა გახსნა. ირმა შიოშვილმა ყურადღება ვიზა ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა, რაც, მისივე თქმით, მომავალი თაობისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
სახელმწიფო მინისტრმა ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის მნიშვნელობის, აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების და ამ მიმართულებით, საქართველოს მოსახლეობის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ვიქტორ დოლიძემ ვიზა ლიბერალიზაცია შეაფასა, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი ევროპისგან.
შეხვედრის მეორე ნაწილში სახელმწიფო მინისტრმა სტუდენტების კითხვებს უპასუხა.
საქართველოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანია ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულ პროცესში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ერთად, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც არიან ჩართული.