იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ში, DARE -ს კონსორციუმის ფარგლებში, შეხვედრები დაიწყო

     იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, DARE -ს კონსორციუმის ფარგლებში,  შეხვედრები დაიწყო.

     პირველი პლენარული სხდომა  21  ნოემბერს თესაუ-ს რექტორმა  გახსნა. ირმა შიოშვილი  ისრაელის, ინგლისის,  ჩეხეთის, რუმინეთის, ლიტვის და საქართველოს უნივერსიტეტების პროფესორებს მიესალმა და წარმატებები უსურვა. როგორც რექტორმა განაცხადა, DARE,  DOIT-ის მულტიკულტურული პროექტის შემდეგ, მეორე წარმატებული პროექტია, რომელმაც ევროკომისიის ექსპერტების დიდი მოწონება დაიმსახურა. აღნიშნულ პროგრამებში, ევროპის სხვა  უნივერსიტეტებთან ერთად,  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიც  აქტიურადაა ჩართული.

    DARE-ს   პროექტი მიზნად ისახავს ეროვნული უმცირესობის და ინკლუზიური განათლების საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის თესაუ-ში ხელსაყრელი პირობების შექმნას. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს აბიტურიენტთა მოსამზადებელი კურსები მიზნობრივი ჯგუფის ბავშვებისთვის. ეს კურსებია: ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარ-ჩვევები და მათემატიკა, უცხო ენა (რუსული და ინგლისური).

     პროექტის დაწყებიდან პირველი კონსორციუმის შეხვედრა მურსიის უნივერსიტეტში (ესპანეთი) გაიმართა, მეორე კონსორციუმის შეხვედრა _ ისრაელში, ,,აქვას“ კოლეჯში, მესამე შეხვედრა კი, 2016 წლის 21-24 ნოემბერს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართება.

    პროექტის_,,უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის პროგრამების შემუშავება მოწყვლადი ჯგუფებისა და რეგიონებისათვის" (Developing programs for Access of disadvantaged groups of people and Regions to higher Education“ - DARE) _ ფარგლებში, 2015 წლის 27 ნოემბერს ხელი მოეწერა საგრანტო ხელშეკრულებას ჰაიფას უნივერსიტეტს, ისრაელსა და ევროკავშირის ტემპუსის პროგრამას შორის.  პროგრამის ერთ-ერთი ბენეფიციარი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტია.

 
მნახველთა რაოდენობა: 6482