13-17 მაისს, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო პროექტის-,,უმაღლესი განათლების დაწესებულებებში ხარისხის სწავლებისა და სწავლის აკადემიური ხელშეწყობა საქართველოში“ (INTEGRITY) -ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტების პროფესორებისთვის ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგში მონაწილეობა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, თამარ ასლანიშვილმა, საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო კახაშვილმა, აკადემიური წერის სპეციალისტმა, სოფიო არსენიშვილმა და ელექტრონული მართვის სისტემების სპეციალისტმა, თარაშ გიორგაძემ, მიიღეს.
შეხვედრაზე აკადემიური წერის სილაბუსები, მათი დახვეწის მეთოდები, პლაგიატის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები, სტუდენტთა ხელშეწყობის სერვისები და სხვა საკითხები განიხილეს.
INTEGRITY-ის კოორდიატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ევროპელი პარტნიორები არიან: დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, ავსტრია და ირლანდია. პროექტი ეროვნულია და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრთან ერთად, პლაგიატთან ბრძოლაში ქართული უმაღლესი სასწავლებლების აქტიურ მონაწილეობას ითვალისწინებს.
პროექტის მიზანია პლაგიატის წინააღმდეგ აქტიური პიარ-კამპანიის წარმოება, სასწავლო მოდულების შემუშავება, აკადემიურ კეთილსინდისირებაზე ფოკუსირება და ამ კუთხით, სტუდენტთა ინფორმირება.