„ნამდვილი თუ მოგონილი?!“- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ცხადდება მედიაწიგნიერების კონკურსი ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის.
კონკურსის ფარგლებში, სტუდენტებმა ინდივიდუალურად უნდა შეასრულონ შემდეგი დავალება: აღმოაჩინონ ქართულ მედიასივრცეში (ინტერნეტი, ტელევიზია, ბეჭდური მედია, სხვ.) გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომელიც ეხება საქართველოში მომხდარ ამბავს და არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია); წარმოადგინონ აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო, შესაძლო მოტივები და პარალელურად, დაადგინონ რეალური ფაქტები, ამბავი.
დავალების წარმოსადგენად სტუდენტებს შეუძლიათ თავად შეარჩიონ ფორმატი - ვიდეო ან მულტიმედია ნამუშევარი, პრეზენტაცია ან სხვა ალტერნატიული ფორმა.
კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, რომლის წევრებიც იქნებიან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, განათლების სამინისტროს, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
პრიზები: კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულებს ულტრათანამედროვე პრიზები გადაეცემათ: პირველი ადგილის მფლობელი საჩუქრად iPhone 12 Pro-ს მიიღებს, მეორე ადგილის მფლობელს - New iPad Pro 2020, ხოლო მესამე ადგილზე გასულ სტუდენტს - Beats Studio 3-ის თანამედროვე უსადენო ყურსასმენი გადაეცემა.
კონკურსის ვადები: საკონკურსო ნამუშევრები სტუდენტებმა მითითებულ ლინკზე უნდა გამოგზავნონ 2020 წლის 12 ოქტომბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით.
კონკურსის წესები: სტუდენტებს თავად შეუძლიათ შეარჩიონ საკონკურსო დავალების წარმოდგენის ფორმატი, თუმცა უნდა გაითვალისწინონ ნაშრომის მოცულობის ლიმიტები: ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს; საპრეზენტაციო მასალა არ უნდა აღემატებოდეს 10 გვერდ.- ნაშრომები, რომლებიც არ შეესაბამება კონკურსის დავალებასა და პირობებს, ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს; ნაშრომები, რომლებშიც გამოვლინდება პლაგიატი, ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს;
შეფასების კრიტერიუმები: რამდენად რთულად დასამტკიცებელი იყო ამბავი; რამდენად მაღალია გამოყენებული წყაროების ფაქტობრივი სიზუსტე; რამდენად შემოქმედებითია შესრულებული დავალება; რამდენად ინფორმაციული და პრეზენტაბელურია ნაშრომი.
კონკურსის წესებისა და დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების გვერდზე - https://www.facebook.com/MediaLiteracy.comcom/ და კომისიის ვებ-გვერდზე - www.comcom.ge