იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პირველკურსელთა რეგისტრაცია იწყება!
საერთაშორისო სასწავლო ვიზიტი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა საერთაშორისო სასწავლო ვიზიტის მონაწილეებს, რომელიც პროექტის „Digital Transformation for SMEs in Eastern Partnership Countries“ ფარგლებში გაიმართა.

ვიზიტში მონაწილეობდნენ OECD-ისა და GIZ-ის წარმომადგენლები, საერთაშორისო ექსპერტები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლები.

შეხვედრის მთავარი თემა სოფლის მეურნეობისა და ღვინის სექტორის დიგიტალიზაცია, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარება იყო.

უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, სტუმრებს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქმიანობა, სასწავლო და კვლევითი შესაძლებლობები და ის პირველი ნაბიჯები გააცნეს,1 რომლებიც უნივერსიტეტში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით ხორციელდება.

ვიზიტის ფარგლებში წარმოდგენილი იყო რამდენიმე პრაქტიკული მაგალითი:

• დრონების გამოყენება სოფლის მეურნეობაში — თელავის უნივერსიტეტის მოწვეულმა დოქტორმა გიორგი თომაშვილმა ისაუბრა დრონების შესაძლებლობებზე და მათი გამოყენების პერსპექტივებზე სასწავლო და კვლევით საქმიანობაში. გაიმართა დრონის პრაქტიკული დემონსტრირებაც;

• ღვინის საწარმოს მართვის ციფრული პროგრამა — თელავის უნივერსიტეტის მაგისტრანტმა, ღვინის საწარმოს მართვის ციფრული პროგრამის დამაარსებელმა ერეკლე აბელაშვილმა წარმოადგინა ღვინის საწარმოში მიმდინარე პროცესების მართვისა და ორგანიზებისათვის შექმნილი პროგრამული გადაწყვეტა;

• ღვინის ციფრული სენსორული შეფასების აპლიკაცია — სანდრო ჩალათაშვილმა წარმოადგინა აპლიკაცია, რომელიც დეგუსტაციის შედეგების ციფრულად დაფიქსირების, არომატული მახასიათებლების შეფასებისა და მიღებული მონაცემების დამუშავების შესაძლებლობას იძლევა. სტუმრები ასევე გაეცნენ აპლიკაციის პრაქტიკულ გამოყენებას ღვინის დეგუსტაციის პროცესში.

სასწავლო ვიზიტის მონაწილეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის სასწავლო-კვლევითი მარანი, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული ცოდნა, ხოლო მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმა განახორციელონ კვლევითი და ექსპერიმენტული სამუშაოები.

სტუმრებმა ასევე მოინახულეს ენერგო-ლაბორატორია და მზის პანელები, რომლებიც უნივერსიტეტიში მიმდინარე ERASMUS+ პროექტის 3E-Partnership ფარგლებში დამონტაჟდა.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია სოფლის მეურნეობისა და მეღვინეობის სექტორში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის, მცირე და საშუალო საწარმოების საჭიროებების, მონაცემებზე ხელმისაწვდომობისა და უნივერსიტეტების როლის შესახებ ინოვაციების განვითარებაში.

მსგავს საერთაშორისო სასწავლო ვიზიტებში მონაწილეობა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქმნის შესაძლებლობას გაეცნოს საერთაშორისო გამოცდილებას, განავითაროს თანამშრომლობა პარტნიორ ორგანიზაციებთან და ეტაპობრივად დანერგოს თანამედროვე ციფრული და ინოვაციური მიდგომები სასწავლო და კვლევით საქმიანობაში.

 
მნახველთა რაოდენობა: 17
 
 
 
 

2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.