„ერეკლე მეორის ბიოგრაფიული შტრიხები: ნარატივი და ისტორიული რეალობა“-თელავში ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.
კონფერენცია მეფე ერეკლე II- ს დაბადების თარიღის დასაზუსტებლად, მეცნიერების ახალ კვლევებს მიეძღვნა.
კონფერენცია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა შალვა ჭკადუამ გახსნა.
მოხსენება ერეკლე მეორეს დაბადების თარიღთან დაკავშირებით შესწავლილ მასალებზე დაყრდნობით, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მკვლევარმა, ასოცირებულმა პროფესორმა აპოლონ თაბუაშვილმა წარადგინა.
მკვლევართა ერთი ჯგუფის აზრით, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ მონაცემებზე დაყრდნობით, ერეკლე მეორეს დაბადების თარიღად 1720 წლის 7 ოქტომბერი უნდა განისაზღვროს.
მასალები თავად ცენტრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებმა ჩაატარეს.
კონფერენციაზე საკუთარი მოხსენებები მეფე ერეკლეს ცხოვრებისა და ბაგრატიონთა ოჯახის შესახებ, საზოგადოებას თესაუს პროფესორმა თენგიზ სიმაშვილმა, ისტორიკოსებმა დავით ჯავახიშვილმა და ვლადიმერ კეკელიამ გააცნეს.
ღონისძიებას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე მოადგილეებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საკანონმდებლო ხელისუფლების, სასულიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონფერენციის დასკვნით ნაწილში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა შალვა ჭკადუამ და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ, ურთიერთთნამშრომლობის მემორანდუმსა და ერეკლე II-ს დაბადების თარიღთან დაკავშირებულ რეზოლუციას მოაწერეს ხელი.
კონფერენციას ორგანიზება იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გაუწია.








