ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის ფარგლებში იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამეცნიერო ფესტივალი გაიმართა.
ფესტივალმა აკადემიური, საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებები გააერთიანა.
ფესტივალის აკადემიური ნაწილი, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე დაფუძნებული, V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციით გაიხსნა.
ღია ცის ქვეშ გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, უნივერსიტეტის რექტორმა, შალვა ჭკადუამ, სიგელებით დააჯილდოვა წარმატებული სტუდენტები, მკვლევრები და აკადემიური პერსონალი.
საგამოფენო პავილიონებში წარმოდგენილი იყო სამეცნიერო ნაშრომები და პრეზენტაციები, რომლებიც აგრარულ, ტურიზმის, ისტორიის,თვითშემოქმედების სფეროებს შეეხებოდა.
სხვადასხვა უნივერსიტეტების, კვლევითი დაწესებულებების წარმომადგებლები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები ადგილზე ეცნობოდნენ მეცნიერების მიღწევებს.
საზეიმოდ გაიხსნა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ღვინის საწარმო, რომელიც თანამედროვე ტექნიკითა და ლაბორატორიული დანადგარებითაა აღჭურვილი.
საკონცერტო ნაწილში, დამსწრე საზოგადოებამ იხილა ქორეოგრაფიული ანსამბლების "კავკასიონის"და " ჭადარის" წევრების შესრულებული ქართული ცეკვები, მოუსმინა უნივერსიტეტთან არსებულ ფოლკლორულ ანსამბლს, მეოთხე საჯარო სკოლის ბავშვთა გუნდს, " ფესვები" უნივერსიტეტის სტუდენტს, ჯული ზაალიშვილს.
სამეცნიერო ფესტივალი, სხვადასხვა რეგიონში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარეობს.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფესტივალს ორგანიზება რექტორის მოადგილემ, სამეცნიერო დარგში ნუნუ გელდიაშვილმა, საორგანიზაციო კომიტეტთან ერთად გაუწია.