იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატი, დაიწყო

ჩემპიონატის ფარგლებში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, დღეს, ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩაატარეს.

სამართლის სპეციალობის სხვადასხვა კურსის წარმომადგენლებისგან შემდგარი, ბრალდებისა და დაცვის მხარე, ჰუმანიტარული სპეციალობის სტუდენტებისგან შედგენილ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წინაშე, ორი საათის განმავლობაში მსჯელობდა.

პროცესს, ფასილიტატორების სახით, კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი, ლადო ბექიშვილი და თბილისის იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატი, ლედი კორძაძე ესწრებოდნენ, რომლებმაც გუნდები უნდა შეაფასონ.

რეგიონის ორი და თბილისის ორი უნივერსიტეტიდან გამოვლენილი გუნდი, კვალიფიციური ფასილიტატორების შეფასების საფუძველზე, ფინალურ ეტაპზე გადაინაცვლებს.

ჩემპიონატში საქართველოს 12 უნივერსიტეტის სამართლის სპეციალობის სტუდენტები მონაწილეობენ.

პროექტის დასკვნითი ეტაპი საქართველოს უზენაეს სასამართლოში ჩატარდება, რომელსაც მოქმედი მოსამართლეების, პროკურორებისა და ადვოკატებისგან დაკომპლექტებული ჟიური შეაფასებს.

ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატი ასეთი მასშტაბით, საქართველოში პირველად ტარდება.

პროექტი პირველ ეტაპზე საპილოტე ფორმატში განხორციელდება, სამომავლოდ კი , ჩემპიონატი ყოველწლიურად გაიმართება.

ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატის პროექტს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურასა და უზენაეს სასამართლოსთან თანამშრომლობით ახორციელებს.

 
მნახველთა რაოდენობა: 1999
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.