იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამარჯვებული პროექტი

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, კვლევითი პროექტის განხორციელებას იწყებენ. პროექტის მონაწილეები საფერავის ღვინის ათი მიკროზონისათვის ენდემური საფუარების წარმოების საკითხზე იმუშავებენ. სამეცნიერო კვლევები, ბიოტექნოლოგიისა და ბიოლოგიური სისტემების ინჟინერიის მიმართულებით, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში ჩატარდება.

პროექტის ხელმძღვანელის, აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის, ნინო ვეფხიშვილის განმარტებით, კვლევის შედეგი, ღვინის ინდუსტრიას ახალ საფეხურზე გადაიყვანს. "კვლევის მიზანი, ჩვენი კულტურული საფუარის შექმნაა. საქართველოში საფერავის ათი მიკროზონაა და ბოლო დროს, დამკვიდრდა, უცხოური საფუარების გამოყენების პრაქტიკა. კვლევის შედეგად, ენდემური საფუარების გაწმენდა, თვისებების შესწავლა და წარმოებაში მათი დანერგვა მოხდება. ჩვენი მიზანია, ყველა მიკროზონას საკუთარი კულტურული საფუარი ჰქონდეს. ეს გაზრდის გაყიდვებს და შესაბამისად, გამოადგება ქვეყნის ეკონომიკას"- განაცხადა ვეფხიშვილმა.

პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, მაგდა დავითაშვილი განმარტავს, რომ პროექტში საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მკვლევარებიც მონაწილეობენ. "პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს არის, ბიოტექნოლოგიის მიმართულებით დაფინანსებული პირველი პროექტი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კვლევებში ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიურ დეპარტამენტი დაგვეხმარება და პროექტში ამავე უნივერსიტეტის პროფესორი, თელაველი გიორგი სონღულაშვილიც მონაწილეობს" - განაცხადა დავითაშვილმა.

მკვლევართა ჯგუფმა, შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო საგრანტო კონკურსზე, პროექტი 2022 წელს წარადგინა. პროექტი, 515 განაცხადიდან შერჩეულ, 113 გამარჯვებულს შორის მოხვდა პროექტი სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება და მისი პარტნიორი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიც იქნება.

 

 

 
მნახველთა რაოდენობა: 2080
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.