იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს პროფესიული გადამზადების პროგრამას „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს
10 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული გადამზადების პროგრამის „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ პირველი კურსდამთავრებულებისათვის სერთიფიკატების გადაცემა გაიმართა.
ღონისძიებას ევროკავშირის, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის, არასამთავრობო ორგანიზაციების, სურსათის ეროვნული სააგენტოს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრაზე პროექტის გუნდმა სტუმრებს შესრულებული სამუშაოები და მიღწეული შედეგები გააცნო. პროექტის კოორდინატორმა, ნინო ინასარიძემ ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რასაც ლაბორატორიული პრაქტიკის უნარ-ჩვევების გაძლიერება მოუტანს განათლების, ჯანდაცვის, გარემოს დაცვის მიმართულებით, სხვადასხვა სექტორებში დასაქმებულ პერსონალს. ღონისძიების მსვლელობისას სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასაუბრებოდნენ პროგრამის მსმენელებს და მოესმინათ მათი შთაბეჭდილებები სასწავლო პროგრამის შესახებ. ღონისძიების მონაწილეებმა განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები საერთო მიზნის მისაღწევად – პროფესიული უნარების განვითარების მხარდაჭერა დასაქმების ბაზრის საჭიროებებისა და თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, მაგდა დავითაშვილმა, ისაუბრა უწყვეტი განათლების კურსების მნიშვნელობაზე დასაქმების ბაზრის საჭიროებების საპასუხოდ. მონაწილეებმა დაათვალიერეს პროექტის ფარგლებში აღჭურვილი სასწავლო ლაბორატორიები.
ღონისძიების დასასრულს პროგრამის პირველი ორი ჯგუფის მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, ეროვნული კონსორციუმის მიერ, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინატორობით ხორციელდება. ის მიზნად ისახავს საქართველოს ოთხ უნივერსიტეტში (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქუთაისი) და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) დაინერგოს ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პროფესიული გადამზადების პროგრამები.
პროექტი, ასევე, ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულების დასაქმებას სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით. პროექტის მოსამზადებელ ეტაპზე წარმატებით განხორციელდა ტრენერთა მომზადების კურსები, შეიქმნა ქართულენოვანი სახელმძღვანელო და ოთხივე უნივერსიტეტში მოეწყო უახლესი აპარატურით აღჭურვილი სასწავლო ლაბორატორიები.
 
მნახველთა რაოდენობა: 1932
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.