2022 წლის 25 ნოემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ,,ციფრული აბორიგენები... ჩვენ ბუკელები ვართ... ეპიზოდი მეხუთე“- საიუბილეო კონფერენცია ჩატარდა.
კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა კონფერენციაზე კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში სხვადასხვა მიმართულებით, სტანდარტული და თავისუფალი აპლიკაციების გარემოში ორიგინალური ნამუშევრები წარმოადგინეს: ვიზუალური პროგრამირება - Scratch ტექნოლოგია; Tinkercad, Arduino ტექნოლოგია; Web-დიზაინი (HTML); ელექტრონულ-ანიმაციური პრეზენტაცია; ციფრული გრაფიკა.
ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, პირველად, მოსწავლეებს 2010-2011 სასწავლო წელს საჩუქრად გადაეცათ „ბუკები“. მათ სკოლაში სწავლა პირველი კლასიდან „ბუკთან“ ერთად დაიწყეს. მათ „პირველ ბუკელებადაც“ მოიხსენიებენ. დღეისათვის „ბუკელების“ მეთორმეტე თაობას ვითვლით. „ბუკების თაობა“ აქტიურად იყენებს ციფრულ ტექნოლოგიებს.
კონფერენციის ორგანიზატორების თქმით, ღონისძიების მიზანი იყო V-VI და უფროსი კლასების მოსწავლეთა საუკეთესო ნაშრომების წარმოჩენა, ციფრული ტექნოლოგიების უნარ-ჩვევების ამაღლება და უნივერსიტეტსა და საჯარო სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარება, რაც დღეისათვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს განათლების სისტემისათვის.
პლენარული და სექციური მუშაობის შემდეგ, კონფერენციის მონაწილეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
კონფერენცია კახეთის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, მარიამ ზაქარიაშვილის ორგანიზებით ჩატარდა.