იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს რექტორი განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ ორგანიზებულ  სამუშაო შეხვედრას დაესწრო, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილ, ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი - ნუნუ მიცკევიჩი  და საქართველოში უნგრეთის ელჩი - ანა მარია შიკო  უძღვებოდნენ. მათ რეგიონული უნივერსიტეტების რექტორებს ცენტრის არსებული სასტიპენდიო პროგრამები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განხილეს.

ქ-ნმა  ნუნუ მიცკევიჩმა ხაზი გაუსვა  სასტიპენდიო პროგრამებში რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტთა მონაწილეობის შესაძლებლობას რომელიც, მათ საშუალებას აძლევთ  აღნიშნული პროგრამების ფარგლებში, როგორც სახელმწიფო, ასევე საერთაშორისო დაფინანსებით შეძლონ  საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება.

,,ეს არის პირველი ერთობლივი შეხვედრა რეგიონული უნივერსიტეტების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრებთან განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმდინარე თუ დაგეგმილი პროგრამების გასაცნობად. უახლოეს მომავალში ჩვენ შევხვდებით რეგიონული თვითმმართველობების წარმომადგენლებსაც. ჩვენთვის მთავარია, რომ თითოეულმა ოჯახმა, განსაკუთრებით რეგიონულ დონეზე, იცოდეს იმ შესაძლებლობების შესახებ, რასაც ახალგაზრდებს სახელმწიფო სთავაზობს, უნდა ვუთხრათ სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი აკადემიური მოსწრება, მათი მიღწევები, რომ ჩვენ ვზრუნავთ მათი განათლებისა და განვითარებისთვის. ამავდროულად, ჩვენი მთავარი ამოცანაა, სწავლის შესაძლებლობები და მიღებული ცოდნა დავუკავშიროთ დასაქმების პროცესს და ამ საკითხში ჩავერთოთ სრული რესურსით, რათა, უცხოეთში განათლებამიღებული ახალგაზრდები სამშობლოში დაბრუნდნენ, პროფესიის შესაბამისად დასაქმდნენ და თავიანთი ცოდნა მოახმარონ თავის რეგიონსა და ქვეყანას“,_აღნიშნა ნუნუ მიცკევიჩმა.

ანა მარია შიკომ  ქართულ-უნგრული სასტიპენდიო პროგრამის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ,,Stipendium Hungaricum-ის პროგრამაში ჩართულ მრავალ პარტნიორთა შორის საქართველო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. პროგრამა სტუდენტებს 600-ზე მეტ სასწავლო კურსს სთავაზობს სხვადასხვა ენასა და მიმართულებაზე. ,,Stipendium Hungaricum’’ უკვე მეექვსე წელია საქართველოში განათლების საერთაშორისო ცენტრის ადმინისტრირებით ხორციელდება და 2017 წლიდან დღემდე 300-ზე მეტმა სტუდენტმა გააგრძელა სწავლა უნგრეთის საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში“, _აღნიშნა უნგრეთის ელჩმა ანა მარია შიკომ.

შეხვედრაზე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მადლობა გადაუხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს, ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს - ნუნუ მიცკევიჩს  და საქართველოში უნგრეთის ელჩს - ანა მარია შიკოს და აღნიშნა, რომ   ეს საუკეთესო შესაძლებლობაა და  აუცილებლად უზრუნველყოფს სტუდენტთა დროულ ინფორმირებას მიმდინარე კონკურსების შესახებ.

 
მნახველთა რაოდენობა: 2023
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.