იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ეკო-საგანმანათლებლო სამეცნიერო კონფერენცია თესაუ-ში

2022 წლის 18 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სტუდენტთა და სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი საგანმანათლებლო სამეცნიერო კონფერენცია _ „კლიმატის ცვლილება, მდგრადი განვითარება და ბიომრავალფეროვნება“  ჩატარდა.

კონფერენცია გახსნა თესაუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფ. თამარ ნადირაძემ. მან კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და  მონაწილეებს ჩართულობისათვის მადლობა გადაუხადა.  კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ბიოლოგიის ექსპერტ-კონსულტანტი, სსიპ ქალაქ თელავის N7 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნათელა ბაღათრიშვილი.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მეორე ეტაპზე გადასულმა თესაუ-ს ბიოლოგიის საბაკალავრო და ეკოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებმა და კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა. მათ წარმოადგინეს აქტუალური და პრობლემატური გარემოსდაცვითი მოხსენებები, რის ირგვლივაც  საინტერესო დისკუსია-დებატები გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ კახეთის რეგიონის საჯარო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები, თესაუ-ს პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

კონფერენციამ, რომელიც უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმით გათვალისწინებული ერთ-ერთი აქტივობაა, 2017 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და უკვე ტრადიციული სახე მიიღო. ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ მაგდა დავითაშვილის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული დოქტორის, ნათელა ბაღათრიშვილის ორგანიზებით იმართება.

 

 

 
მნახველთა რაოდენობა: 2169