8 ნოემბერს, ფემიციდის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, თელავის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა, ნანა გუგუტიშვილმა, ვალერი გიორგაშვილმა და თამარ ნასყიდაშვილმა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
მათ სტუდენტებს ფემიციდის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევ მიზეზებს და გენდერული სტერეოტიპების განხილვას დაეთმო.
პროკურატურის წარმომადგენლები ახალგაზრდებს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურის მნიშვნელობაზეც ესაუბრნენ და აღნიშნეს, რომ ამ სამსახურის წარმომადგენლები მსგავსი კატეგორიის დანაშაულებში აქტიურად არიან ჩართულები და მათი მოვალეობა სწორედ დაზარალებულთა და მსხვერპლთა მხარდაჭერა და გაძლიერებაა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და სტუდენტთა დიდი ინტერესი გამოიწვია.
„არა ფემიციდს“_ საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა.
საქართველოს პროკურატურამ აშშ-ის საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით, ფემიციდის წინააღმდეგ მასშტაბური საინფორმაციო კამპანია დაიწყო, რომელსაც რეგიონული და რაიონული პროკურატურებიც შეუერთდნენ.