14 ივნისს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, „იდეატორთა კლუბის“ პროექტების შეჯამება და დაჯილდოება გაიმართა.
,,იდეატორთა კლუბი“ მოიცავს კლასგარეშე აქტივობებს, რომლებიც ხორციელდება სკოლების ბაზაზე, დაწყებითი საფეხურის მე-4-მე-6 კლასის მოსწავლეებთან და მიმართულია მოსწავლეთათვის კრიტიკული აზროვნების, ეფექტური კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის და პრობლემების კრეატიულად გადაწყვეტის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება-განვითარებაზე. კლუბის მუშაობის ძირითადი ფორმატი არის გუნდური პროექტების განხორციელება: სტუდენტების მხარდაჭერით მოსწავლეები ერთად შეარჩევენ სხვადასხვა საკითხებს, პრობლემებს და აქტიური ურთიერთთანამშრომლობით ეძიებენ მათი გადაჭრის გზებს.
კახეთის რეგიონში USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში აღნიშნული აქტივობების განხორციელების მიზნით შეირჩა თელავის 1, მე-4, მე-5 და მე-7 და გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლები. აქტივობები ხორციელდებოდა 2021 წლის დეკემბრიდან მიმდინარე წლის მაისის ჩათვლით. პროცესს ხელმძღვანელობდნენ დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 10 სტუდენტი, ხოლო კოორდინირებას უწევდნენ USAID საბაზისო განათლების პროგრამის თესაუს გუნდის 5 ტრენერი.
შეჯამება-დაჯილდოების პროცესს ესწრებოდნენ კახეთის რეგიონის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, საჯარო სკოლების დირექტორები, მოსწავლეები, თესაუს წარმომადგენლები, USAID საბაზისო განათლების პროგრამის თესაუს გუნდის წევრები.
მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი ყველა ნაშრომი იყო საინტერესო, თემატიკა კი, მრავალფეროვანი: „გაიცანი ჩემი ქალაქის ისტორია - იმოგზაურე თელავში“, ,,ტექნოლოგიების გამოყენება“, ,,მარტო ტყეში“, ,,დავეხმაროთ დედამიწას და დავიცვათ ბუნება“, ,,თიხის დამუშავების ტრადიცია და თანამედროვეობა“. ჟიურიმ გამოავლინა მათგან გამორჩული - ყველაზე კრეატიული და საინტერესო. გამარჯვება წილად ხვდა სსიპ-გურამ ჭილაშვილის სახელობის ქალაქ გურჯაანის #4 საჯარო სკოლის გუნდს წარმოდგენილი პროექტით: ,,მარტო ტყეში“. ტრენერი: ირმა იაკობიშვილი, სტუდენტები: ნონა სონღულაშვილი, ნინო ქიტესაშვილი, სკოლის დირექტორი: ნინო ნონეშვილი.
იდეატორთა კლუბის ყველა მონაწილე მოსწავლეს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები და სერტიფიკატები.