იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,სამეცნიერო პიკნიკი" თელავში

 თელავში, ისტორიული მუზეუმის ეზოში, ,,მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი - 2019“-ის ფარგლებში, ,,სამეცნიერო პიკნიკი” გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე,  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის  გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. პიკნიკის ფარგლებში, არაერთი საინტერესო ღონისძიება ჩატარდა. სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში წარმოდგენილი იყო სახალისო ქიმიური ექსპერიმენტები და ვიქტორინები, სხვადასხვა ასაკის მოსწავლეთათვის.

        იაკობ გოგებაშვილის სახელობის  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს  3 კარავში წარმოდგენილი ჰქონდა  თესაუს სადემონსტრაციო ნაკვეთზე მოყვანილი ახალი ჯიშის პროდუქტები, რომელთა  ეკოლოგიური სისუფთავის და მაღალი კვებითი ღირებულების დამტკიცების მიზნით, ნიტრატების განსაზღვრა ადგილზე   ხდებოდა. კარვებში გამოფენილი იყო კახეთის რეგიონის სხვადასხვა ღვინის საწარმოს მიერ დამზადებული სასმელები და მიმდინარეობდა  აღნიშნული მასალის და ყურძნის წვენის ქიმიური ანალიზი. წარმოდგენილი იყო, ასევე, ქიმიის და ფიზიკის თანამედროვე  ტექნოლოგიები.  სპეციალური აპარატის საშუალებით,  სხვადასხვა  სახის ცდები და  ექსპერიმენტები უშუალოდ  დამთვალიერებლების თვალწინ ტარდებოდა.

       ფესტივალის ფარგლებში, მოეწყო ღვინის გამოფენა და გაიმართა პრეზენტაცია-,,ღვინო-სიახლეები და პერსპექტივები“, რომლის მიზანი იყო   მცირე მასშტაბის ღვინის ფესტივალის მოწყობა, სადაც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა სწავლის პერიოდში, საკუთარი  კვლევის შედეგად, წარმოებული ღვინოები, წითელ ღვინოში დავარგებული ყველი და სიახლე - ყურძნის წვენი (ბადაგი) წარადგინეს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ ბადაგისგან  ყველაზე ხანგრძლივი შენახვის უნარის მქონე ჩურჩხელა მზადდება.

      ღონისძიების ფარგლებში, ერეკლეს სასახლეში, გამოიფინა თეიმურაზ მეფის პორტრეტი, რომელიც სამშობლოში 257 წლის შემდეგ დაბრუნდა. გამოფენის ნახვა თელავში ჩასულ ნებისმიერ დამთვალიერებელს შეუძლია.

     ფესტივალში, რომლის მიზანი სამეცნიერო კვლევების და ინოვაციების პოპულარიზაციაა, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე, საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტები,  ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, მულტიდისციპლინური კვლევების სამეცნიერო სკოლა, ,,აიტი სტეპ აკადემია“, საქპატენტი და სხვა ორგანიზაციები მონაწილეობდნენ.

       ფესტივალის  ორგანიზატორები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 
მნახველთა რაოდენობა: 5010
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.