იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის სამსახურთან არსებულმა შემოქმედებითმა ჯგუფმა- ,,ხელოვნების და ლიტერატურის სამყარო“ -20 მარტს, ვაჟა-ფშაველას სახელობის თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ლიტერატურულ-დრამატული კომპოზიცია -,,ექვთიმე ღვთისკაცი“ გამართა. სტუდენტებმა მაყურებელს განახლებული ვერსია შესთავაზეს და ცნობილი ქართველი ისტორიკოსის, არქეოლოგის, საზოგადო მოღვაწის, ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული, ექვთიმე თაყაიშვილის, ცხოვრების და მოღვაწების გზა გააცოცხლეს.
სპექტაკლი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორია საქართველოს დამსახურებული არტისტი თემურ ხუნაშვილი, მხატვარი - ეკატერინე თორაძე, პროექტის ავტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი - მანანა შიოშვილი.
წარმოდგენას თესაუს რექტორი ირმა შიოშვილი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და თელავის საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.