იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ სიმაშვილმა, საჯარო ლექცია-პრეზენტაცია -„თელავის გოლგოთა_გიგოს გორა“ (საბჭოთა რეპრესიები ახლად მოძიებული საარქივო მასალების მიხედვით) - გამართა.
პრეზენტაციამდე ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში, საბჭოთა პერიოდში, ,,გიგოს გორაზე“, დახვრეტილი ადამიანების სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა.
აღნიშნული კვლევა რამდენიმე ნაწილისგან შედგება და საბჭოთა პერიოდში რეპრესირებული თელაველების ტრაგიკულ ისტორიებს ასახავს. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო საკვლევი პერიოდის ამსახველი, საზოგადოების ფართო წრეებისთვის დღემდე უცნობი საარქივო დოკუმენტები, ფოტომასალა და თანამედროვეთა მოგონებები. დასტურდება, რომ ,,გიგოს გორაზე“, 1920 წლიდან მოყოლებული, ხდებოდა საბჭოთა პერიოდისთვის მიუღებელი ადამიანების, მათ შორის, სასულიერო პირების ფიზიკური ლიკვიდაცია.
საზოგადოებას თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ირმა შიოშვილმა და ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა მიმართეს. გამომსვლელებმა კვლევის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ყურადღება ,,გიგოს გორასთან“ დაკავშირებულ სამომავლო პროექტებზე გაამახვილეს.
ლექცია-პრეზენტაციას კახეთის გუბერნიის, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, სასულიერო პირები, რეპრესირებული პირების შთამომავლები, თესაუს პროფესორები, სტუდენტები და საჯარო სკოლების მოსწავლეები დაესწრნენ.
უახლოეს მომავალში კავკასიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და მისი ხელმძღვანელი თენგიზ სიმაშვილი მუშაობას ახალ კვლევაზე დაიწყებენ, რომელიც პანკისის ხეობას შეეხება.