14 დეკემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კონფერენცია - ,,ციფრული აბორიგენები... ჩვენ ბუკელები ვართ... ეპიზოდი მესამე“- გაიმართა.
კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა კონფერენციაზე კომპიუტერული გრაფიკის და საოფისე პროგრამათა პაკეტის გამოყენებით აგებული ორიგინალური ტექნოლოგიური პროდუქტი, Web-დიზაინი, პროგრამირება და ელექტრონულ-ანიმაციური პრეზენტაციები წარადგინეს.
როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, 2018 წლის მე-6 კლასის მოსწავლეები იმ თაობას წარმოადგენენ, რომლებსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2012-2013 წლებში, საჩუქრად, ,,ბუკები“ გადასცა. ამიტომ მათ ,,ბუკელებადაც“ მოიხსენიებენ. დღეისთვის ,,ბუკელების“ მერვე თაობას ვითვლით, რომელიც ციფრულ ტექნოლოგიებს აქტიურად იყენებს.
კონფერენციის მონაწილეები სერტიფიკატებით და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიების მიზანია V-VI და უფროსი კლასების მოსწავლეთა საუკეთესო ნაშრომების წარმოჩენა, ციფრული ტექნოლოგიების უნარ-ჩვევების ამაღლება და უნივერსიტეტსა და საჯარო სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარება.
კონფერენციის ორგანიზატორია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მარიამ ზაქარიაშვილი.