22 ნოემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მწერალ ანა კორძაია- სამადაშვილის საჯარო ლექცია გაიმართა. მწერალმა იოზეფ როთის ,,რადეცკის მარში“-ს შესახებ ისაუბრა. როგორც ლექციაზე აღინიშნა, „რადეცკის მარში“ სერია მსოფლიო კლასიკის“ ნაწილია, რომელსაც „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ გამოსცემს. სერიაში კაცობრიობის უმნიშვნელოვანესი ავტორები და მათი ნაწარმოებებია თავმოყრილი.
ანა კორძაია-სამადაშვილმა იმ სტუდენტური პროექტის შესახებაც ისაუბრა, რომელიც ,,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ და თბილისის გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით, საქართველოს 10 საუნივერსიტეტო ქალაქში განხორციელდება. პროექტის ფარგლებში, სტუდენტები 10 დღის განმავლობაში საქართველოს იმ ქალაქებში იცხოვრებენ, სადაც არ უცხოვრიათ. ახალგაზრდები უნივერსიტეტებში ლექციებსაც დაესწრებიან, მოგვიანებით კი, საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ დაწერენ. სწორედ სტუდენტების თხზულებები შევა წიგნში, რომელსაც ,,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ გაზაფხულზე გამოსცემს.
უახლოეს პერიოდში აღნიშნული პროექტი გაფართოვდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის ფარგლებს გარეთ და ამიერკავკასიის ქვეყნებსაც მოიცავს.