იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში პროფესორ ოთარ ჯანელიძის ოთხი წიგნის პრეზენტაცია და დოკუმენტური ფოტო-მასალის გამოფენა შედგა.
ოთარ ჯანელიძის წიგნები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავსა და ივანე ჯავახიშვილის 1918-1921 წლების მოღვაწეობას მიეძღვნა, ხოლო დოკუმენტური ფოტო-მასალა დამოუკიდებელი საქართველოს 1918-21 წლების ისტორიას ასახავდა.
ავტორმა საკუთარი წიგნები თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა. ისტორიის დეპარტამენტში სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია წიგნების ქართულ-ინგლისური და ელექტრონული ვერსიებიც.
ღონისძიებას, თესაუს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებთან, რექტორის აპარატის წარმომადგენლებთან და პროფესორებთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე მიხეილ წერეთელი ესწრებოდნენ.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი წიგნების პრეზენტაცია და ფოტო-გამოფენა, ისტორიიის დეპარტამენტის პროფესორის, გიორგი გოცირიძის ორგანიზებით ჩატარდა.