18 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თესაუ-ს და კოლეჯი ,,პრესტიჟის“ პროფესიულ საგანმანთლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისთვის ,,ღია კარის დღე“ გაიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა აპლიკანტებს ინფორმაცია იმ პირობების და მინიმალური კომპეტენციის ზღვარის შესახებ მიაწოდეს, რომლის გადალახვაც, გამოცდების შედეგად, დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელია.
როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელმა, თიკა სალაყაიამ, განაცხადა, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში პროფესიული განათლება განვითარდეს და ამ მიმართულებით სწავლის მსურველებმა შესაბამისი დაფინანსება მარტივად მიიღონ.
შეხვედრაზე ყურადღება დუალურ სწავლებაზეც გამახვილდა, რაც თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად, უშუალო დამსაქმებელთან პრაქტიკის გავლის შესაძლებლობასაც გულისხმობს.
აპლიკანტებს შესაძლებლობა აქვთ, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით, სასურველ პროფესიას , ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით, დაეუფლონ.
,,ღია კარის დღე“ კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.