,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი-2017“-ის ფარგლებში, 6 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, სამეცნიერო კონფერენცია -,,სკოლა და უნივერსიტეტი“ -გაიმართა.
რიგით მე-5 კონფერენციაში მონაწილეობა თელავის და თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს, რომელთა საკონფერენციო ნაშრომების ხელმძღვანელები თესაუ-ს დოქტორანტები იყვნენ. კონფერენციაზე წარმოდგენილი კვლევების თემები 2017 წლის იუბილარი მწერლების: ილია ჭავჭავაძის, ლადო ასათიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის და შოთა რუსთაველის შემოქმედებას შეეხებოდა.
ღონისძიება თესაუ-ს რექტორის მოადგილემ, ნუნუ გელდიაშვილმა, გახსნა და ,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი-2017“-ის მიზნების და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, თესაუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნინო კოჭლოშვილი; თანათავმჯდომარეები: თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნუნუ გელდიაშვილი და ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგაძე.
ღონისძიების მიზანი იყო სკოლისა და უნივერსიტეტის დაახლოვება. კონფერენციის მონაწილეები უნივერსიტეტის სიმბოლური საჩუქრებით და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.