იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ,,სამეცნიერო პიკნიკს“ 25 სექტემბერს, თელავის ,,ნადიკვრის“ პარკში, უმასპინძლა.
ფესტივალში, თესაუ-ს გარდა, მონაწილეობა საქართველოს წამყვანმა უნივერსიტეტებმა, შსს-ს პოლიციის აკადემიამ, ,,ქიმიკოსთა ასოციაციამ“, ხელნაწერთა ინსტიტუტმა“, ,,ათასწლეულის ფონდმა“ და სხვა ორგანიზაციებმა მიიღეს.
თითოეულ უნივერსიტეტს თუ ორგანიზაციას კარვებში, პროფილის შესაბამისად, გამოფენილი ჰქონდა საკუთარი წარმატებების ამსახველი დოკუმენტური მასალა.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის კუთვნილ 10 კარავში წარმოდგენილ იყო უნივერსიტეტის არქეოლოგიის კაბინეტში დაცული ექსპონატები, ახლად აღმოჩენილი საარქივო მასალები, ქიმიის და ფიზიკის თანამედროვე ტექნოლოგიები. უშუალოდ ადგილზე ნაჩვენები იყო ნარჩენების იმიტირებული სეპარაცია, მაკულატურისგან ქაღალდის წარმოების პროცესი, თექის ნამუშევრების დამზადება, ღვინის მასალებში სპირტიანობის განსაზღვრა, სპეციალური აპარატის საშუალებით, ასევე, სხვადასხვა სახის ცდები და ექსპერიმენტები.
მრავალ საინტერესო ღონისძიებასთან ერთად, ,,ნადიკვრის“ პარკის სცენაზე გაიმართა ,,სამეცნიერო, ბრიტანული შოუ“.
ფესტივალს თესაუ-ს რექტორი ირმა შიოშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამაზ მარსაგიშვილი, კახეთის გუბერნატორის მოადგილე და თვითმმართველი ქალაქ თელავის მერი დაესწრნენ.
,,სამეცნიერო პიკნიკი“-ს მიზანი იყო განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დაახლოება, ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა, სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია და სხვა.
ღონიძიება, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი- 2017”-ის ფარგლებში გაიმართა.