იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს 22 სექტემბერს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, კეიპტაუნის მხარის, დელეგაცია სტუმრობდა.
დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ სამხრეთ აფრიკა-საქართველოს სავაჭრო პალატის, კეიპტაუნის მხარის ადმინისტრაციის, კიევში სამხრეთ აფრიკის საკონსულოს და სტელენბოშის უნივერსიტეტის წარმომამადგენლები.
სტუმრებს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ინფორმაცია ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების, აკადემიური პერსონალის, საკვლევი ლაბორატორიების, პრაქტიკული მეცადინეობების, სადემონსტრაციო ნაკვეთის და სხვა წარმატებული პროექტების შესახებ მიაწოდა.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლებმა აფრიკაში ღვინის წარმოების თავისებურებებზე, ბუნებრივი რესურსების კონსერვაციის, სეზონური დასაქმების, გვალვის, წყლის გამოყენების პრობლემებზე და სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილეს ყურადღება.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქართველებს, რომლებიც სამხრეთ აფრიკაში სწავლას გადაწყვეტენ, სავიზო მომსახურებას კიევში სამხრეთ აფრიკის საკონსულო გაუწევს. შესაბამისი დოკუმენტაციის ადგილზე გაგზავნა კი, ელექტრონულად მოხდება.
მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე, გაცვლითი პროგრამების და ერთობლივი კვლევების ჩატარების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
შეხვედრას იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ალექსანდრე მოსიაშვილი, თესაუ-ს აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.