იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
დებატების ტურნირის ფინალისტები თესაუ-ს სტუდენტები გახდნენ

        25-26 მარტს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა დებატების ტურნირი, რომელსაც  არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“,  ფონდი  ,,ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს.

        სექტემბრის თვიდან  მარტის ჩათვლით, თბილისში, თელავში, ახალციხეში,  ბათუმსა და დუისში დაფუძნდა  დებატკლუბები.   სტუდენტებს და სოფელ დუისის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ფორმალური დებატების სხვადასხვა ფორმატის  ტრენინგები.   25  მარტს კი, თესაუ-ში  გაიმართა ტურნირის შესარჩევი ტური, რომელშიც მონაწილეობა  სულ 40 გუნდმა მიიღო (10 გუნდი -თითო ქალაქიდან).

      26 მარტს ჩატარდა ფინალური ტური, რომელშიც 40 გუნდიდან 16 გუნდი გადავიდა.  საბოლოოდ, ფინალში, 4  გამარჯვებულ გუნდს შორის  იყო  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ჯგუფი, ელენე ნადირაძის და ნინო პაატაშვილის შემადგენლობით. 10 საუკეთესო მომხსენებელს  შორის, ასევე,  დასახელდა  თელავის თესაუ-ს  სტუდენტი, გიორგი ჩეკურიშვილი. ტურნირში გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს და   საუკეთესო მომხსენებლებს  სხვადასხვა პრიზები გადაეცათ. 

        აღნიშნული პროექტი    ოთხ საუნივერსიტეტო ქალაქში და პანკისის ხეობაში განხორციელდა. დებატების ტურნირის  მიზანი იყო  უნივერსიტეტების სტუდენტების გააქტიურება, არაფორმალური განათლების გზით;  მათში კრიტიკული, ანალიტიკური აზროვნების განვითარება და ლიდერობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება. ასევე,  საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტეგრაცია.

 
მნახველთა რაოდენობა: 5040