იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა 2017 წლის 4-5 იანვარს მონაწილეობა „იდეების ინკუბატორში“ მიიღეს, რომელიც თბილისში, კონკურსის- „გაამწვანე შენი უნივერსიტეტი“- ფარგლებში, ჩატარდა.
უნივერსიტეტების გუნდები წინასწარ შემუშავებული საპროექტო განაცხადების დახვეწაზე ორი დღის განმავლობაში მუშაობდნენ. სწორედ ამ იდეების მიხედვით მოხდა კონკურსისთვის მონაწილეების შერჩევა. თითოეული გუნდის მიზანი იყო მაქსიმალურად ეფექტური ინიციატივის დაგეგმვა, რომელიც უნივერსიტეტში ნარჩენების მართვის არსებულ პრაქტიკას შეცვლიდა, ნარჩენების ინტეგრირებული მართვის დანერგვას შეუწყობდა ხელს და ამ გზით „გაამწვანებდა“ უნივერსიტეტს.
ორი უნივერსიტეტის ექვსმა ჯგუფმა ჟიურის თავისი საპროექტო იდეები წარუდგინა. კონკურსის შედეგად, სამი გამარჯვებული საპროექტო იდეა გამოვლინდა, მათ შორის იყო იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯგუფი- „Carpe Eco Diem“. თესაუ-ს სტუდენტების საპროექტო იდეა, ეკო აუდიტორიის მოწყობის შესახებ, მეორე ადგილზე გავიდა. ამ ჯგუფის წევრები არიან თესაუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის II კურსის სტუდენტები: ქეთევან ფოტოვა, თამილა შიუკაშვილი, იზა ყანჩელიშვილი და სოფო დაუდაშვილი.
კონკურსი -,,გაამწვანე შენი უნივერსიტეტი"- საქართველოს ორ რეგიონში (კახეთი და აჭარა) მიმდინარე პროგრამის- ,,ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში" (WMTR) - ფარგლებში, გამოცხადდა. პროექტი სამიზნე რეგიონების უნივერსიტეტების და სტუდენტების გარემოსდაცვით პროექტებში ჩართვას ითვალისწინებს.
WMTR პროგრამა წარმატებულ გუნდებს პროექტების განხორციელებაში დაეხმარება. გამარჯვებული იდეები იანვრის და თებერვლის თვეებში რეალობად იქცევა.