იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დედაენის დღე აღინიშნა

     14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება.  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, თესაუ-ში  დედაენის დღისადმი მიძღვნილი  საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

   შეხვედრის მონაწილეებს დედაენის დღე მიულოცეს და ქართული ენის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში, ნუნუ გელდიაშვილმა და ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგაძემ. რექტორის მოადგილემ საზოგადოებას ინფორმაცია იმ წიგნების შესახებაც  მიაწოდა, რომლებიც ქართველმა მეცნიერებმა თესაუ-ს საჩუქრად გადასცეს.

    ღონისძიების ფარგლებში, საჯარო ლექცია-,,ენაი შემკული და კურთხეული“-თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, როინ ჭიკაძემ, წაიკითხა. შეხვედრის დასასრულს ნაჩვენები იყო ფილმები ქართული ენის ისტორიის შესახებ.

      დედაენის დაარსების  თარიღი 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს უკავშირდება, როდესაც  ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსის დაკარგვის საფრთხე დაემუქრა.  ენის ღირსების დასაცავად, თბილისში მასობრივი გამოსვლა მოეწყო. საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომელთა შორის უმრავლესობას სტუდენტები წარმოადგენდნენ,  ხელისუფლებისგან საქართველოში ქართული ენის სახელმწიფო ენად დაკანონებას  მოითხოვდნენ.    მთავრობა იძულებული გახდა, დემონსტრანტთა მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა  და ქართული ენა სახელმწიფო ენად  გამოეცხადებინა.

 
მნახველთა რაოდენობა: 4288