იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პირველკურსელთა რეგისტრაცია იწყება!
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ავსტრიაში ENRICHER Hubs-ის შემაჯამებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

2026 წლის 6–8 ოქტომბერს, ავსტრიის ქალაქ ინსბრუკში, MCI-ის მასპინძლობით, Erasmus+ პროექტის „ENRICHER Hubs“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.

უნივერსიტეტს წარმოადგენდა ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თამარ ასლანიშვილი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული სამუშაო სესიებში, დისკუსიებსა და პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვაში.

სამდღიანი შეხვედრის მთავარი თემები იყო პროექტის ფარგლებში შექმნილი ჰაბების მდგრადობის უზრუნველყოფა და მიღებული შედეგების შემდგომი გამოყენება. საქართველოსა და მოლდოვის უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა განიხილეს თავიანთი ინსტიტუციური გეგმები, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და იმსჯელეს მდგრადი ტურიზმის განვითარების ახალ მიდგომებზე.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს ხარისხის უზრუნველყოფისა და შედეგების გავრცელების საბოლოო ანგარიშების მომზადების საკითხები, შეაფასეს პროგრესი პროექტის ძირითად ინდიკატორებთან მიმართებით და შეათანხმეს საბოლოო ანგარიშგებისთვის საჭირო შემდგომი ნაბიჯები. ცალკე სამუშაო სესია დაეთმო ახალი საპროექტო იდეების შემუშავებასა და პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობებს.

პროგრამის ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები ინსბრუკსა და ტიროლის რეგიონში მდგრადი ტურიზმის პრაქტიკის შესახებ, ასევე მოეწყო საველე ვიზიტი ნორდკეტეში, რამაც მონაწილეებს ადგილობრივი გამოცდილების გაცნობის შესაძლებლობა მისცა.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობამ ხელი შეუწყო პროექტის შედეგების მდგრადობის ერთობლივ დაგეგმვასა და მდგრადი ტურიზმის განათლებისა და განვითარების მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას

 
მნახველთა რაოდენობა: 21