25–29 მაისს, ევროკომისიის მიერ თანადაფინანსებული საერთაშორისო პროექტის “ხარისხიანი ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში” - PRODIGE ფარგლებში, თესაუს პერსონალი ხორვატიაში იმყოფებოდა.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შეხვედრებზე მიწვეულები იყვნენ პროექტის მენეჯერი, ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურის კოორდინატორი მაკა კოჭაური და პროექტის აკადემიური პერსონალი, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სალომე თათულიშვილი.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ქართველ სტუმრებს ალგებრა ბერნეის უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
ვიზიტში ასევე მონაწილეობდნენ წარმომადგენლები პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტებიდან, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან.
შეხვედრები გაიმართა ხორვატიის მეცნიერების და განათლების სამინისტროსა და მეციერების და უმაღლესი განათლების სააგენტოშიც.
ვიზიტის მთავარ თემას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენდა.
პროექტის ფარგლებში, პარტნიორი ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ხარისხიანი ციფრული განათლების უზრუნველსაყოფად ინდივიდუალურ, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში არსებულ სტრატეგიულ გეგმას შეიმუშავებენ.
პროექტის კოორდინატორია EFMD - მენეჯმენტის განვითარების ევროპული ფონდი. პროექტი PRODIGE 2024 წლიდან მიმდინარეობს და 2027 წელს დასრულდება.





