იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის უნივერსიტეტსა და ეკოვიჟენს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და მდგრადი განვითარების კავშირმა ,,ეკოვიჟენი”, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს  ხელი. უნივერსიტეტის მხრიდან მემორანდუმის ხელმოწერი, რექტორი, შალვა ჭკადუაა, რომელმაც სამომავლოდ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. ,,ჩვენთვის საინტერესოა ეკოვიჟენთან თანამშრომლობა. ვფიქრობ, რომ ერთად საინტერესო საქმიანობას შევძლებთ. ტყის სექტორის რეფორმა, ჩვენს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, განსახორციელებელი პროექტების მხარდამჭერთა ქსელის ღირსეული წარმომადგენლები ვიქნებით. წინ სასარგებლო ურთიერთანამშრომლობა გველოდება და გაფორმებული მემორანდუმი, ამის წინაპირობაა" - განაცხადა ჭკადუამ.

მდგრადი განვითარების კავშირი ,,ეკოვიჟენი", საერთაშორისო პარტნიორებისა და საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებულ პროექტში - ,,საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა ტყის დეგრადაციით გამოწვეული სათბური აირების ემისიების შემცირებისთვის” /,,ECO.Georgia”, პროექტში მონაწილეობს. პროექტის მიზანს საქართველოში ტყის კარგვის შემცირება, ენერგოეფექტური და ალტერნატიული საწვავისთვის ბაზრის განვითარება და სამიზნე რეგიონებში, მათ შორის კახეთში, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს.

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია პროექტის მხარდამჭერთა ქსელის შექმნა, რომლის წევრებიც იქნებიან საგანმანათლებლო დაწესებულებები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციები, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები, პროექტის შინაარსთან ახლოს მყოფი დამოუკიდებელი აქტივისტები.

 
მნახველთა რაოდენობა: 1825