14 ნოემბერს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის კვლევის კომერციალიზაციის, ტექნოლოგიების ტრანსფერისა და ინოვაციური კვლევის შესახებ ტრენინგები დაიწყო. ტრენინგებს, ამერიკის ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის სამეწარმეო ეკოსისტემის კონსულტანტი ბ-ნ მარტი კასზუბოვსკი უძღვება.
შეხვედრის მიზანია პროფესორები და სტუდენტები გაეცნონ როგორ მზადდება საფუძველი საუნივერსიტეტო კვლევების კომერციალიზაციისათვის, ასევე შეძლონ მდგრადი და განვითარებაზე ორიენტირებული სამეწარმეო ეკოსისტემის შექმნა. მონაწილეებს საშუალება აქვთ შეიძინონ გარკვეული თეორიული ცოდნა ინდუსტრიასთან ურთიერთობების დასამყარებლად, ასევე, გაიზრდება აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ცნობიერების დონე აღნიშნული მიმართულებით.
ტრენინგების ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდა თესაუ-ს "ინოვაციების ლაბორატორიის" თანამშრომლებთან, სადაც მარტი კასზუბოვსკიმ წარადგინა პრეზენტაცია - „მეწარმეობის და ტექნოლოგიების გადაცემის ეფექტური ეკოსისტემის შექმნა და მომგებიანი კვლევის ჩატარების სტრატეგიები“. შეხვედრებზე განხილულ იქნა თემები: „სამეწარმეო პოტენციალის განვითარება გარდამავალი დემოკრატიის უმაღლეს განათლებაში - მაგალითები და გამოწვევები“, „ინოვაციების, ტექნოლოგიების გადაცემის და სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაციის პროცესები ამერიკულ უნივერსიტეტებში“ და სხვ. მონაწილეები გაეცნენ ასევე, საუკეთესო მაგალითებს ინოვაციების ლაბორატორიის მომავალი განვითარებისთვის.
სტუმარი შეხვდა თელავის ტექნოპარკის ხელმძღვანელს, სადაც უნივერსიტეტისა და თელავის ტექნოპარკის თანამშრომლობაზე იმსჯელეს.
ტრენინგები უნივერსიტეტის შესაძლებლობების განვითარების პროგრამის (UCBP) ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს მიერ და ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის პატრონაჟით ხორციელდება. ტრენინგები 19 ნოემბერს დასრულდება.