იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
UNICEF-მა თესაუს საჩუქრად წიგნები გადასცა

26 ნოემბერს  ,,გაეროს ბავშვთა ფონდის“ (UNICEF) წარმომადგენლებმა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს საჩუქრად წიგნები გადასცეს.  32 ინგლისურენოვანი გამოცემა სკოლამდელი  განათლების საბაკალავრო პროგრამების შესახებ პუბლიკაციებს  მოიცავს.  როგორც სტუმრებმა  თესაუში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს, აღნიშნული წიგნები ლექტორებს და სტუდენტებს კვლევების ჩატარებაში დაეხმარება და სტუდენტების  ინტერესების სფეროს გაფართოებას შეუწყობს ხელს. 

        შეხვედრაზე  თესაუს რექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში, ალექსანდრე მოსიაშვილმა  და   განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, დავით მახაშვილმა, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და  UNICEF-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის   და სკოლამდელი აღზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.  ,,გაეროს ბავშვთა ფონდის“ (UNICEF) წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში- ჰასან ხალილმა და  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს წარმომადგენელმა, თამარ თოლორაიამ, თესაუს პროფესორ-მასწავლებლებს  ინფორმაცია სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობების შესახებ  მიაწოდეს და  ხაზი გაუსვეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადრეულ ასაკში ბავშვთა განვითარება  და განათლება.

      შეხვედრის მეორე ნაწილში, რომელიც  სამუშაო ფორმატში გაგრძელდა,  ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების“ ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა მიმდინარე პროექტის შესახებ ისაუბრეს და   თესაუს პროფესორ-მასწავლებლებს  აღმზრდელ პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის ტრენერთა ტრენინგში  მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადასცეს. 

      2021 წლის სექტემბრის თვეში UNICEF -სა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, თესაუში,   ბავშვის უფლებების ცოდნის ცენტრის დაფუძნება იგეგმება,  რომელიც  გარემონტებული, აჭღურვილი და უზრუნველყოფილი იქნება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურით, ასევე, ბავშვთა უფლებებისა და ინკლუზიური განათლების საკითხებში სწავლებისა და სასწავლო რესურსებით.    პროექტის ფარგლებში, რომლის ხანგრძლივობა 9 თვეა, ბავშვის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოდულების შექმნა, ტრენინგები და სხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. 

 
მნახველთა რაოდენობა: 5019
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.