25 მარტს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში თელავის მე-4 საჯარო სკოლის კონფერენცია გაიმართა.
სკოლის ,,ახალგაზრდა აღმომოჩენთა კლუბის წევრებმა“ პროექტის-,,ჯაჭვური რეაქციები“-პრეზენტაცია გამართეს. გუნდმა საზოგადოებას 2 მოდული: ,,გამოვკვებოთ მსოფლიო“ და ,,თვალი თვალს რომ მოშორდება, გული გადასხვაფერდება“ წარუდგინა. ამ პროექტებიდან ერთი-ერთი საერთაშორისო კონფერენციის გამარჯვებული გადახდა, რომელიც ევროკავშირის მე-7 ჩარჩო პროექტის ფარგლებში ხორციელდება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მე-4 საჯარო სკოლამ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიურად ითანამშრომლა. ,,ახალგაზრდა აღმომოჩენთა კლუბის წევრებმა“, აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანთან, მანანა კევლიშვილთან და ფაკულტეტის სხვა თანამშრომლებთან ერთად, თესაუ-ს ლაბორატორიაში ნიადაგის ქიმიური და მექანიკური კვლევები ჩაატარეს. მოსწავლეებმა გულგულის, ვარდისუბნის, კისისხევის ნიადაგები შეისწავლეს და ნაგავსაყრელის მოწყობისთვის ხელსაყრელ ადგილად კისისხევის ტერიტორია შეარჩიეს.
მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეები, გამარჯვებული პროექტით, საქართველოს სახელით საერთაშორისო კონფერენციაზე წარსდგებიან, რომელიც ბულგარეთში გაიმართება.
პროექტის პრეზენტაციას თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორ-მასწავლებლები, მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და თვითმმართველი ქალაქ თელავის მერი დაესწრნენ.