საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, ირმა შიოშვილთან ერთად, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული ლაბორატორია გახსნა.
სოფლის მეურნეობის ლაბორატორია თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისა და სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირებისათვის ნიადაგის ქიმიურ კვლევებს ათი თვის განმავლობაში ჩაატარებს. კვლევების საფუძველზე ნიადაგის საკვები ელემენტებით უზრუნველყოფის ხარისხი , სასუქების სახე და შეტანის ნორმები განისაზღვრება. ასეთი კვლევები კახეთში რამდენიმე ათეული წელია, არ განხორციელებულა. ნიადაგის ქიმიური კვლევა, საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ თბილისში ტარდება, ამიტომ პროექტის დასრულების შემდეგ უნივერსიტეტის ლაბორატორია საჭირო ინფორმაციას რეგიონის ფერმერებსაც მიაწვდის.
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სოფლის მეურნეობის ლაბორატორიისათვის გამოყოფილი თანხა 35.000 ლარს შეადგენს.
პროექტის ფარგლებში, ნიადაგის ქიმიური კვლევა თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისა და დაინტერესებული პირებისათვის უფასო იქნება.
ლაბორატორიის პრეზენტაციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.