მიმდინარე წლის 5-6 ივლისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ფორუმი ჩატარდა.
სამეცნიერო ფორუმი საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაცული რესურსების გამოფენით გაიხსნა.
ფორუმის ფარგლებში ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ დოდო ჭუმბურიძის მონოგრაფიის “აკაკი ჩხენკელი” და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ენციკლოპედია-ლექსიკონის პრეზენტაცია გაიმართა. რეცენზიები მათზე დოქტორანტებმა, ნინო ჯიჯიშვილმა და თამარ ლეკაიძემ წარმოადგინეს. ფორუმს ახალი და უახლესი ისტორიის სადოქტორო საგანმანათლებო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი გოცირიძე უძღვებოდა, რომელმაც სამეცნიერო ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და საზოგადოებას საქართველოს სხვადასხვა სასწავლო და სამეცნიერო ცენტრიდან მოწვეული სტუმრები წარუდგინა.
სამეცნიერო ფორუმზე მოხსენებებით უნივერსიტეტის ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი მალხაზ ცირეკიძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები დოდო ჭუმბურიძე, ოთარ ჯანელიძე, ნიკო ჯავახიშვილი, ლელა სარალიძე, ხათუნა ქოქრიშვილი და ომარ არდაშელია წარსდგნენ.
ფორუმი ახალი და უახლესი ისტორიის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა და შემოდგომისათვის ახალი სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება დაიგეგმა.