5 ივლისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, თემაზე - ,,ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა საქართველოში XIX საუკუნის პირველ ნახევარში“ დისერტაცია დოქტორანტმა ეკა კობიაშვილმა დაიცვა (ხელმძღვანელები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თეიმურაზ ვახტანგიშვილი და ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი მალხაზ ცირეკიძე).
დისერტანტის კვლევის ძირითადი მიზანი, პირველწყაროების საშუალებით, საარქივო მასალისა და სამეცნიერო ლიტერატურის დამუშავება-შეჯერების საფუძველზე, XIX საუკუნის I ნახევარში მიმდინარე ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შესწავლა, მისი თავისებურებების გამოვლენა, ამ მოვლენების მიზეზების, მიზნებისა და შედეგების დადგენა, ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და ისტორიული განვითარების მთლიან პროცესში, მათი როლისა და ადგილის შეფასებაა.
ნაშრომის მეცნიერულ სიახლეს წარმოადგენს იმ ფაქტებისა და საარქივო დოკუმენტების წარმოჩენა, რომლებიც უმნიშვნელოვანესი იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისათვის XIX საუკუნის I ნახევარში.
ეკა კობიაშვილს ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.