ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის დადებითი მხარეების შესახებ საზოგადოების ინფორმირების დონის ამაღლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა სპეციალური კამპანია- ,, ძალა ევროპაშია“-დაიწყეს.
21 მაისს კამპანიის ინიციატორი არასამთავრობო ორგანიზაციების: ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” და კოალიცია ,,ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“- წარმომადგენლები იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ.
როგორც შეხვედრაზე ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა, ბათუ ქუთელიამ და სხვა სტუმრებმა განაცხადეს, კამპანია ხელს შეუწყობს საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას ევროპულ და ევროატლანტიკური გაერთიანებების დადებითი მხარეების შესახებ, ასევე, უზრუნველყოფს საზოგადოების მეტ ჩართულობას დასავლური ღირებულებების სწორად გააზრებისა და პოპულარიზაციის პროცესში.
კამპანიის ორგანიზატორების ინფორმაციით, „ძალა ევროპაშია” საქართველოს საზოგადოებას, სამოქალაქო სექტორს, საჯარო უწყებებსა და ბიზნესკომპანიებს აერთიანებს.
შეხვერდა დიალოგის ფორმატში წარიმართა. სტუმრებმა, საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა, სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს და მათ საჩუქრად ნატოსა და ევროკავშირის ემბლემიანი მაისურები, სტიკერები და სხვა აქსესუარები გადასცეს.