იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სპორტის ახალი პოლიტიკის შემუშავებისთვის საჯარო კონსულტაციები თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო

„მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიისა“ და „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებისთვის საჯარო კონსულტაციები  16 მაისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, დაიწყო.

     შეხვედრაზე   სპორტის პოლიტიკის მნიშვნელობის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ, კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და  თელავის  მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა, ისაუბრეს.

      სპორტის სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვისა და მონიტორინგის სამსახურმა  „მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიის შემუშავების გზამკვლევი“  წარადგინა.  სტრატეგიის შემუშავების პროცესში გათვალისწინებულია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოების, დამოუკიდებელი ექსპერტების, კერძო სექტორისა და სხვა დაინტერესებული პირების აქტიური მონაწილეობა. ამ მიზნით, შეხვედრა, სამუშაო ფორმატში, ფოკუს ჯგუფებთან გაგრძელდა.  

      სპორტის ახალი პოლიტიკის  შემუშავება   საქართველოს მოსახლეობის სპორტულ აქტივობებში მასობრივად ჩაბმას, სპორტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ემსახურება.

     შეხვედრას თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის, ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო, სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენლები, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 3977