19 აპრილს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გლობალური კამპანიის, სახელწოდებით, - ,,კაცები ზრუნავენ“- ფარგლებში, თესაუს სტუდენტებისთვის და თანამშრომლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
MenCare გლობალური კამპანიაა, რომელიც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება. კამპანიის მიზანია, წაახალისოს კაცების, როგორც მზრუნველი მამების და პარტნიორების, ჩართულობა ოჯახების კეთილდღეობაში, რათა კაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი ქალთა თანასწორობას.
როგორც შეხვედრაზე ,,გაეროს მოსახლეობის ფონდის“ ტრენერებმა: გიორგი ლიპარიშვილმა და ლადომ გოგოლაძემ, აღნიშნეს, მნიშვნელოვანია, მოვუწოდოთ კაცებს, რომ გახდნენ უფრო გულისხმიერები, მეტად ჩაერთონ საოჯახო საქმეებში და ბავშვის აღზრდის პროცესში.
საქართველოში კამპანია MenCare / კაცები ზრუნავენ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაცია WeCare-ის ინიციატივით ხორციელდება, კამპანიის ფინანსური მხარდამჭერი კი შვედეთის მთავრობაა.