NATO-ს დღეების ფარგლებში, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, კახეთის რეგიონის სამხარეო ადგილობრივი თვითმმართველობის, ეროვნული უმცირესობების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე მიაწოდა.
მიხეილ ჯანელიძე დამსწრე საზოგადოებას, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობასა და პროცესში მიღწეულ პროგრესზე ესაუბრა. შეხვედრის მონაწილეებს კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხემძღვანელმა, ნინო ბოლქვაძემაც მიმართეს.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, კახეთის რეგიონის თითოეული მუნიციპალიტეტის მერმა და მოწვეული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პირებმა ხელი მოაწერეს ევროატლანტიკური კლუბის შექმნის დებულებას. კლუბი, კახეთის რეგიონის მასშტაბით, ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე სხვადასხვა სახის აქტივობას განახორციელებს.
NATO-ს დღეები საქართველოში მეთერთმეტედ აღინიშნება და 16 აპრილიდან 1 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიება საქართველოში სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით ტარდება.