25 აპრილს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი 2018-2019 სასწავლო წლისთვის საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღებას დაიწყებს. აღნიშნულ სასტიპენდიო პროგრამებთან დაკავშირებით, 13 აპრილს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
კონკურსი საერთაშორისო სამაგისტრო, სადოქტორო, საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების და სახელოვნებო აკადემიურ სასტიპენდიო პროგრამებზე გამოცხადდება.
ოთხივე პროგრამა, როგორც სწავლის საფასურის, ასევე, ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას ითვალისწინებს. ელ. განაცხადების მიღება 2018 წლის 25 აპრილს დაიწყება და ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ,,განათლების საერთაშორისო ცენტრი“ 2014 წელს დაარსდა და 2014-2017 წლებში საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის 500-ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა. ცენტრის მიზანია სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნარებისა და ცოდნის მქონე კადრების მომზადება.