ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების პროგრამის სტუდენტებმა 11 აპრილს კარნახი ქართულ ენაში დაწერეს.
ღონისძიება იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც ჩატარდა. პროექტის მონაწილეებმა ქართული ენის ცოდნის დონე შეამოწმეს და ამით საკუთარი პასუხისმგებლობა სახელმწიფო ენის მიმართ გამოხატეს.
ჟიური 10 საუკეთესო ნაშრომის ავტორს შეარჩევს და გამარჯვებულ სტუდენტებს, სიგელებთან ერთად, სამახსოვრო საჩუქრებსაც გადასცემს. პროექტის მონაწილეთა საზეიმო დაჯილდოება 16 აპრილს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, გაიმართება.
პროექტში, თესაუ-სთან ერთად, მონაწილეობას თსუ, ილიაუნი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქუთაისის, ბათუმის, სოხუმის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია იღებენ.