9 მარტს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იგორ დოლგოვი შეხვდა.
უკრაინის ელჩმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პერიოდზე ისაუბრა და ორი დამოუკიდებელი ქვეყნის განვითარების პერიპეტიები მიმოიხილა. ყურადღება გამახვილდა საქართველო-უკრაინის ურთიერთობების ეკონომიკურ, პოლიტიკურ ასპექტებზე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
საჯარო ლექციის მეორე ნაწილი კი, კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. სტუდენტების კითხვები, ძირითადად, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო თანამშრომლობას შეეხებოდა. ასევე, დიდი ყურადღება დაეთმო რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებსა და რეგიონულ გამოწვევებს.
ლექციის დასასრულს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, ალექსანდრე მოსიაშვილმა, საპატიო სტუმარს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
შეხვედრას კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, უკრაინის საელჩოს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, თესაუ-ს პროფესორები და სტუდენტები დაესწრნენ.